
რეგიონული ყოვლისმომცველი პარტნიორობის – RCEP–ის წევრებმა, ჩინეთმა და წყნარი ოკეანის რეგიონის 14–მა ქვეყანამ, მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმეს.
მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბლოკი, გლობალური ეკონომიკის მესამედს – 29%–ს მოიცავს, და უფრო დიდია ვიდრე ევროკავშირის და აშშ–მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმება.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც საბაჟო გადასახადები შემცირდება და საერთო სავაჭრო წესები დამკვიდრდება, ხელი შემდეგმა ქვეყნებმა მოაწერეს: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, მალაიზია, ინდონეზია, ფილიპინები, ვიეტნამი, კამბოჯა, მიანმა, ლაოსი, ტაილანდი და ბრუნეი.
აზიის ქვეყნებმა, 5 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელშეკრულება 15 ნოემბერს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გააფორმეს.

შიდა პროდუქტის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, სავაჭრო ხელშეკრულებას ინდოეთი გამოეთიშა. ამის ერთ–ერთი მიზეზი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში იმპორტზე დაწესებული ვალდებულებები იყო, რომლის გამოც, ინდოეთში ჩინური პროდუქტის შემოდინების შედეგად, ადგილობრივი პროდუქტის წარმოების აუცილებლობა და შესაბამისად, მუშახელის საჭიროება მცირდებოდა.
ასევე, აზიის სავაჭრო პარტნიორობას, ამერიკის შეერთებული შტატები 2017 წელს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, გამოეთიშა. ამერიკელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა, ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ამ სავაჭრო ხელშეკრულების მსგავსი "კატასტროფა" აშშ–ს მილიონობით სამუშაო ადგილად დაუჯდებოდა.
აზიელი ეკონომისტების აზრით, RCEP–ის სავაჭრო ხელშეკრულება, წევრი ქვეყნების ეკონომიკას, მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდით, დიდ სარგებელს მოუტანს, განსაკუთრებით კი, ჩინეთს, იაპონიას და სამხრეთ კორეას.
სავაჭრო პარტნიორობის ხელმომწერი ქვეყნები, იმედოვნებენ, რომ მათი კავშირი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღდგენაში დიდ წვლილს შეიტანს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა.