ბელარუსში პოლიციამ აქცია რეზინის ტყვიებით, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია

გამოქვეყნდა:

ბელარუსში, მინსკის ცენტრში, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის გასაპროტესტებლად შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების მსვლელობა პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, არიან დაშავებულები, 1000–მდე ადამიანი დააპატიმრეს. 

მორიგი პროტესტი მინსკში, ამჯერად, ოპოზიციის მხარდამჭერის, რამან ბანდარენკას, სიკვდილმა გამოიწვია. ოპოზიციის აზრით, ის პოლიციამ სცემა და ამიტომ გარდაიცვალა.

მინსკის აქციის დასარბევად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. რამდენიმე მომიტინგემ სერიოზული დაზიანება მიიღო.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობამ დედაქალაქში სპეცდანიშნულების რაზმები და საბრძოლო ტექნიკა შეიყვანა. გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი. დაკავებულია 1000-მდე ადამიანი. 100-მდე პირის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

ბელარუსელი ჟურნალისტი, ტვიტერზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ პოლიცია, საპროტესტო მოედანთან ახლომდებარე მაღაზიაში მოქალაქეებს სცემს.

მინსკის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე არ მიდის და ამბობს, რომ აქციები დასავლეთის ქვეყნებიდანაა წაქეზებული.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მისი რეჟიმის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. 

ცნობისთვის, ოქტომბერში, ევროპარლამენტარებმა და ექსპერტებმა ბელარუსში მიმდინარე პროცესების განხილვისას გადაწყვიტეს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ქვეყნის ოფიციალური პირები მართლმსაჯულებას გადასცენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი