ბელორუსში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება - ლუკაშენკო მეექვსედ იყრის კენჭს

გამოქვეყნდა:

ბელორუსში დღეს, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ბელორუსი ამომრჩეველი დილის 8:00 საათიდან აფიქსირებს თავის არჩევანს საარჩევნო უბნებზე. 

ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ქვეყნის უცვლელი პრეზიდენტია 1994 წლიდან, მეექვსედ იყრის კენჭს. მას ოთხი მეტოქე ჰყავს: ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩეჩენეცი, ანნა კანოპაცკაია და სვეტლანა ტიხანოვსკაია. 

ქვეყნის მოქმედი მეთაურის მთავარ მეტოქედ მიიჩნევა დაპატიმრებული ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნევა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ტიხანოვსკის დაპატიმრების შემდეგ გადაწყვიტა. ოფიციალურ ბრალდებად ბლოგერს და პრეზიდენტობის კანდიდატს მილიციელებთან ძალადობრივი ქმედება აქვს წარდგენილი. სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარს უჭერენ ცნობილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო და ყოფილი დიპლომატი ვალერი ცეპკალოც, რომელთაც ექსპერტები ლუკაშენკოს სერიოზულ მეტოქეებად განიხილავდნენ, თუმცა ბელორუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადა. 

პრეზიდენტობის კანდიდატების რეალური რეიტინგი უცნობია, ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი სოციოლოგიური ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს. 

არჩევნებს დასავლელი დამკვირვებლები წელს არ ეყოლება, რადგან გაერო-სა და ეუთო-ს მისიების ცნობით, მათ მოწვევები დროულად არ მიუღიათ. არჩევნებს არც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია დააკვირდება. სადამკვირვებლო საქმიანობას დღევანდელ არჩევნებზე დსთ-ს მისიისა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები განახორციელებენ. 

ბელორუსი უფლებადამცველების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე არ უშვებენ ადგილობრივ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, მათაც კი, ვინც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის აკრედიტებული. 

4-დან 8 აგვისტომდე ქვეყანაში ხმის წინასწარი მიცემის პროცესი მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ პროცესში მონაწილეობა ამომრჩეველთა 41.7%-მა მიიღო. 

ბელორუსიის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, უცხოური მედია 9 აგვისტოს არჩევნებს ფართოდ ვერ გააშუქებს, რადგან 30-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაცია ვერ მიიღო. უწყება თავის გადაწყვეტილებას კორონაპანდემიით ხსნის და აცხადებს, რომ აკრედიტაციის კომისია პანდემიის გამო სხდომებს ვერ ატარებს. აკრედიტაციის გარეშე უცხოელ ჟურნალისტებს მუშაბის უფლება არ აქვთ. 

ადგილორივი უფლებადამცველების ინფორმაციით, ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ადგილობრივი და უცხოური მედიის 50-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს, ასევე დაკავებულია ქვეყნის თითქმის ათასამდე მოქალაქე სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული საპროტესტო აქციების დროს. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი