ყალბი ინფორმაცია, დისკრედიტაციის კამპანია, სიძულვილის ენა წინასაარჩევნოდ - ლიდერობენ "ოცნება" და “პატრიოტები”  - MDF

გამოქვეყნდა:

"მედიის განვითარების ფონდი" (MDF) 2020 წლის 31 ოქტომბრის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. 

ანგარიში 5 ნაწილისგან შედგება:

  • I ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს ეთმობა (ლიდერობს "პატრიოტთა ალიანსი");
  • II - სიძულვილის ენას (ლიდერობს "პატრიოტთა ალიანსი");
  • III - წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიებს (ლიდერობს "ქართული ოცნება");
  • IV - პოლიტიკური სუბიექტების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას (ლიდერობს "პატრიოტთა ალიანსი"); 
  • V - დეზინფორმაციას სოციალურ მედიაში პოლიტიკური და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ (ლიდერობს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული გვერდები).

კვლევის მიხედვით, გამოვლინდა 56 ფეისბუქ ანგარიში, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბ ცნობებს ავრცელებდა და მეტწილად "ქართულ ოცნებასთან" იყო აფილირებული.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში “ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე, წინა ხელისუფლებას აქტიურად ადანაშაულებდა, რითიც რუსეთის ხელისუფლების გზავნილს ტირაჟირებდა.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე ქართულ მედია სივრცესა და სოციალურ ქსელში ღიად პრორუსული, კრემლთან დაკავშირებული აქტორები და ანტილიბერალური ჯგუფები აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებით კვლავ აქტიურად ტირაჟირებენ რუსეთის ხელისუფლების გზავნილს, რომლის დანერგვას კრემლისტური პროპაგანდა ქართულ საზოგადებასა და საერთაშორისო ასპარეზზე წლებია ცდილობს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, MDF-ის მიერ სოციალურ მედიაში გამოვლენილი 31 ყალბი შინაარსიდან ყველაზე მეტი (16) ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული და მმართველი პარტიის სახელს უკავშირდებოდა. 

რაც შეეხება მადისკრედიტირებელ კამპანიებს, კვლევის მიხედვით, ასეთი 3 კამპანია გამოიკვეთა, რომელთაგან უმეტესობა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს ეხებოდა, მათ შორისაა: "გარეჯი საქართველოა", "ომი სააკაშვილმა დაიწყო" და "ბანკის ძარცვა ნაციონალური მოძრაობის პროვოცირებულია".

ამასთან, კვლევაში საუბარია ანტიდასავლურ გზავნილებზე და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებზეც , რომლის მიხედვითაც "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერობს.

"ნატოს წინააღმდეგ ყველაზე მეტი კომენტარი “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა გააკეთეს, რა დროსაც ნეიტრალიტეტის და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით პრობლემების მოგვარების საკითხი დომინირებდა", - წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, MDF-აკვირდებოდა როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიას, მათ შორის, რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ნოემბერს, გამოქვეყნდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევაც, რომლის მიხედვითაც, 31 ოქტომბრის არჩევნებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი