ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში, ცეზარ ჩოჩელი მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, თითქოს ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ემზადება, ტყუილს უწოდებს.
ჩოჩელი კატეგორიულად გამორიცხავს არჩევნებში მონაწილეობას და საკუთარ კანდიდატურას ხსნის.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში აორმაგებს აგიტატორებს და ემზადება მეორე ტურისთვის.
ესეც არის მორიგი ტყუილი!
მე ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული - არ ვაპირებ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას!
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩემს მომხრეებსა და თანამოაზრეებს ერთგულებისთვის და მოვუწოდებ, ბოიკოტი გამოუცხადონ გაყალბებულ არჩევნებს! წერს ცეზარ ჩოჩელი.
ცეზარ ჩოჩელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, შესაბამის განცხადებასაც აქვეყნებს, რომელიც მან მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა.
განცხადება მმართველი გუნდიდან, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეორე ტურებისთვის ემზადებიან და კოორდინატორების რაოდენობას აორმაგებენ, დღეს მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, ცესკო-ს მონაცემებით, ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცეზარ ჩოჩელმა 33,42% აიღო.