აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დენიელ ფრიდი "მთავარი არხის" ეთერში ამბობს, რომ საქართველოს მთავარი ძლიერება მისი დემოკრატიული ხასიათია.
"დღის სტუმარში" დენიელ ფრიდმა ასევე მაიკ პომპეოს ვიზიტზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ვიზიტი იმას მიანიშნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მაშინაც არ წყვეტს მუშაობას, როცა მას ვადა ეწურება.
"ზოგადად ძალიან კარგია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს სტუმრობს და გასაგებიც არის, რომ მან ეს ვიზიტი სწორედ ახლა დაგეგმა, მთიან ყარაბაღში ბოლო მოვლენებისა და რეგიონში მოუგვარებელი უსაფრთხოების სიტუაციის ფონზე.
...პომპეოს ვიზიტი ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაშინაც კი არ წყვეტს მუშაობას, როდესაც ვადა ეწურება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იქნება."
აქვე დენიელ ფირიდ ამბობს, რომ მაიკ პომპეო საქმის კურსშია საქართველოში ჩატარებული დაძაბული არჩევნების შესახებ.
"რა თქმა უნდა, მაიკ პომპეო საქმის კურსშია, რომ თქვენთან ძალიან დაძაბული არჩევნები ჩატარდა, რადგან აშშ-ის საელჩო დეტალურად მოახსენებდა მას ყველა არსებული სირთულის შესახებ და იმის შესახებაც, თუ რა სამუშაოები ჩაატარეს სხვა საელჩოებმა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შემდგარიყო. მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობთ პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე და მის დამოკიდებულებაზე ვლადიმირ პუტინთან, რომელმაც ბევრი ადამიანისა და მათ შორის ჩემი აღელვება გამოიწვია, სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდი, რომელიც საქართველოზე მუშაობს, ძალიან სოლიდურია, ელჩიც ძალიან კარგია და სხვა ადამიანებიც უმაღლესი კლასის პროფესიონალები არიან. ამიტომ, ჩემი აზრით, პომპეოს მთავარი გზავნილი საქართველოსთვის მხარდაჭერის გაგრძელება იქნება, რასაც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის გუნდიც გაიზიარებს. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები საქართველოში და ჩვენი ურთიერთობის სიძლიერე დაფუძნებულია საქართველოს დემოკრატრიულ ტრანსფორმაციაზე. ჩვენ არ ვუყურებთ საქართველოს, როგორც ინსტრუმენტს და იმედი მაქვს, რომ პომპეო სწორედ ამ მოსაზრებას გაჟღერებს."
დენიელ ფრიდი ამბობს, რომ არ გარისკავს წინასწარ თქვას რას იტყვის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტისას, და აქვე, ფიქრობს, რომ მაიკ პომპეო, ოპოზიციას არ შეხვდება.
"რაც არ უნდა თქვას პომპეომ თბილისში, ქართველებმა მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატებისთვის და, ჩემი აზრით ევროპისთვისაც, საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს მის დემოკრატიულ ხასიათში. თუ საქართველო გადაიქცევა ერთ მორიგ პოსტსაბჭოთა ავტოკრატიად, ამას ექნება გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა დასავლეთთან ურთიერთობაზე.ჩვენ ურთიერთობები საქართველოს მთავრობასთან გვაქვს, მაგრამ ასევე გვაქვს ქართველ ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან."
ნათია გოგსაძესთან ინტერვიუში დენიელ ფრიდი ასევე ამბობს, რომ პროტესტის უფლება ყველას აქვს, ძალადობა კი ასეთ დროს მიუღებელია.
"ქართულ საზოგადოებას აქვს ტრადიცია იმისა, რომ საკუთარი უფლებებისთვის მშვიდობიანად იბვრძვის და იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამას მიხვდება."
ამავე ინტერვიუში დენიელ ფრიდმა არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სამომავლო პოლიტიკაზე ისაუბრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ფიქრობს, რომ ბაიდენი დაეხმარება "თქვენს ქვეყანას დემოკრატიის განვითარებაში და უფრო მეტადაც, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებდა."
"მე ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია არ იყო ისეთი სანდო მოკავშირე, როგორიც ის უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ის ზედმეტად იმპულსური იყო და ხშირად არათანმიმდევრულიც. ზოგიერთი რამ მათ მართლაც კარგად გააკეთეს, როგორც მაგალითად სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და სამხედროების გაგზავნა პოლონეთში. თუმცა, მიმაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მტკიცე და თანმიმდევრული იქნება."
დენიელ ფრიდი ბენ ჰოჯესის ინიციატივაზე - განლაგდეს ამერიკის საჰაერო თავდაცვის ბაზა - თქვა, რომ ამერიკა მხარს საქართველოს დემოკრატიას უჭერს.
"თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ამერიკელებს არ სურთ საქართველოში მთავრობის არჩევა. შესაძლოა, ეს პუტინს სურს, ნაგრამ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მთავრობა ქართველმა ხალხმა აირჩიოს. ჩვენ ვიმუშავებთ იმ ლიდერებთან, რომლებიც იქნებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ასევე ვიმუშავებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, რათა ნათელი იყოს, რომ ჩვენ დემოკრატიას ვუჭერთ მხარს. საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის არ არის იზოლირებული."