
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას მას "ძალიან მნიშვნელოვანს" უწოდებს. მისი თქმით, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში უფრო მეტ ჩართულობას უნდა ველოდოთ.
ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მტკიცეა და კიდევ უფრო გაღრმავდება. რასაკვირველია, ნატოსა და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრირება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაძნელდება და ამ მხრივაც, მომავალშიც, ისევე როგორც მანამდე, გაგრძელდება ურთიერთობა. ამ ვიზიტიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა ველოდოთ აშშ-ის მეტ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებაში და ეს იქნება გამოხატული ყველა იმ პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებასა და გაღრმავებაში, რაც უკვე გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ამ ადმინისტრაციასთან ჩვენი თანამშრომლობა იყო ძალიან ნაყოფიერი და ეს მომავალ ადმინისტრაციასთანაც გაგრძელდება, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად იმასთან დაკავშირებით, როგორი იყო მაიკ პომპეოს შეფასება 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, აღნიშნა, რომ აშშ-ის სახ.მდივნის მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ღია ჩარევა არ ყოფილა.
არ ყოფილა ასეთი, პირდაპირი ჩარევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია, აშშ კი არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველა აქტორს, დარჩეს პოლიტიკურ ჭრილში, რომ პროცესები წარიმართოს სამართლებრივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, აშშ საქართველოს შინაურ საქმეებში ვერ ჩაერევა და არც არის ეს მათი სურვილი, მათი სურვილია, ჩვენს ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რადგან მხოლოდ სტაბილურობას შეუძლია ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა, - თქვა საქართველოს პირველმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს. ამ დროისთვის მაიკ პომპეო, კათოლიკოს-პატრიარქს ხვდება, დაგეგმილია შეხვედრა ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.