ამ წუთებში ოპოზიციური პარტიები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, შეხვედრას იწყებენ. "შერატონში" ოპოზიციური პარტიების ის ლიდერები მივიდნენ, რომლებიც ხელისუფლებასთან დიალოგში მონაწილეობდნენ. ოპოზიცა ამბობს, რომ მათი პოზიცია უცვლელია.
"საკითხი არის, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც არის ქვეყანა არჩევნების შემდეგ, ორ კვირაზე მეტია, ვეტვით ჩვენ პოზიციას, არგუმენტებს და როგორ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავალს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის წინაპირობა იყო გონივრული კომპრომისები, რასაც ქართული ოცნების მხრიდან ვერ ვხედვათ, მზაობასაც ვერ ვხედავთ კომპრომისისთვის", - თქვა "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
"ლეიბორსიტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევიან. მისი თქმით, ოპოზიცია ბოიკოტის შეწყვეტას არ გეგმავს.
"ჩვენ ჩვენი მოთხოვნებით შევდივართ, მოვისმენთ, რას გვეტყვიან ამერიკელი პარტნორები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ, როგორც ქართული დემოკრატიის, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების ქმედებებმა ოპოიციის პარლამენტში შესვლა შეუძლებელი გახდა და ოპოზიციას ამ შემთხვევაში არჩევანი არ ჰქონია.
შეხვედრის ჩანიშვნას უკვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მას "გაუთვალისწინებელი" უწოდა და თქვა, რომ ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია. მის აზრით, ახლა ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერია დამოკიდებული.
მანამდე ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მთავარი სასაუბრო თემა არჩევნები იყო.
ცნობისთვის, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით, ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, საქართველო უკვე დატოვა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქსა და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.
ფილიპ რიკერი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა. ამერიკელი დიპლომატი აშშ–ის სახელმწიფო უწყებაში ევროპულ და ევრაზიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის მაიკ პომპეოს ტურნეში, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მდივანი საქართველოშიც ჩამოვიდა, თან ახლდა. თუმცა, ის თბილისში დარჩა.