შიანაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალის" ოფისში 1 შეიარაღებული მძარცველი და 9 მძევალია. განმარტება ცოტა ხნის წინ ადგილზე პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.
"წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე, რაც შეეხება შეიარაღებას, ამ ეტაპისთვის დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ", - თქვა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადგილზე სპეცოპერაცია დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარება. საყურადღებოა ისიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. უწყებამ მოქალაქეების გამოყვანა ბინებიდან უკვე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიას ადგილზე LIVE რეჟიმით გაშუქების შეწყვეტას სთხოვს. უწყების განმარტებით, ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ოფისში მყოფი მძევლებისა და სამართალდამცველების სიცოცხლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ბრალდებით, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.