დიპლომატები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კრიზისის განმუხტვას ცდილობენ. ამჟამად, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში კიდევ ერთი მოლაპარაკება იწყება. კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს "ევროპული საქართველოს" ლიდერები შეხვდებიან. მანამდე კი, ფასილიტატორებთან "ნაციოალური მოძრაობის" წარმომადგენლები, გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, იმყოფებოდნენ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ერთადერთი კომპრომისი ხელახალი არჩევნებია.
"ჩვენ ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ყველაზე მთავარი ოპოზიციის მოთხოვნებში არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტმატიმრები. "ქართული ოცნებისგან" ველოდები კომპრომისულ წინადადებას. 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით, გნებავთ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, საგარეო პოლიტიკური. ამიტომ რაც უფრო მალე ქართველები ერთმანეთში მოვნახავთ კომპრომისს, მით უკეთესი. ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ გადაწყვეტის მექანიზმი ახლა "ოცნების" ხელშია.
"არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი გარდა იმისა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დავაყენეთ. იმიტომ, რომ არც ერთი წინადადება, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მომისმენია "ქართული ოცნების" მხრიდან და, შესაბამისად, რაზე უნდა ვისაუბროთ...", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა 8 ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი. ეს პარტიებია: "ერთიანი საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "გირჩი", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "პატრიოტები", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა".
რამდენიმე წუთში ელჩებს "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც შეხვდება.
ცნობისთვის, ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით,პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები გამოსავლის მოძებნას ერთად ცდილობენ, ხოლო რა უნდა იყოს კომპრომისი, ეს მათი გადასაწყვეტია.