წერეთლის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" ოფისში შეიარაღებული პირის შეჭრის გამო, "მთავარი არხის" ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
პერიმეტრზე განთავსებულია საპოლიციო ძალები, თვითონ კორპუსი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, მედიას გადაადგილების უფლება არ ეძლევა.
შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბსიში" შეჭრილია ერთი პირი, ხოლო საქმეზე გამოძიება იარაღის უკანონო ტარებისა და ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ოფისში რჩება ერთი თავდამსხმელი და ცხრა მძევალი. ასევე, საპატრულო პოლიციის უფროსმა მედიას სთხოვა, შეწყვიტოს პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობა სპეცოპერაციის ადგილიდან. როგორც სირაძემ განმარტა, პერიმეტრზე მომუშავე მედიის დანახვაზე თავდამსხმელი ღიზიანდება და ლაივ-რეჟიმში მუშაობამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას როგორც მძევალთა, ასევე სამართალდამცველთა სიცოცხლეს. ამ მოწოდების შემდეგ "მთავარმა არხმა" პირდაპირ ეთერში მუშაობა შეწყვიტა.
სპეციალური განცხადება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისიმაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია სრულ კოორდინაციაშია შსს-სთან და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.