ექსპერტები ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე საუბრობენ, თუმცა ტიკარაძე მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

გამოქვეყნდა:

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს. "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრი მისი თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

რაც შეეხება ტიკარაძის ნაცვლად ჯანდაცვის სამინისტროს ერთერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ამირან გოგიტიძის, დანიშვნას, მინისტრი ამბობს, რომ ის წარმატებული კადრია. 

"ძალიან კარგი კადრია ამირან გოგიტიძე, ძალიან პროდუქტიული და ძალიან დადებითი პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალი", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

ჯანდაცვის ექსპერტები, ეკატერინე ტიკარაძის გარდა, საკოორდინაციო საბჭოს სრული შემადგენლობის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ.

"ხელისუფლებამ გაზაფხულზე დასვა ამოცანა არა საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან, არამედ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და გამოაცხადა, რომ ჩვენ შევაკავეთ ვირუსი, რაც იყო აბსურდი იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს ყველა წამყვანი ეპიდემიოლოგი ამბობდა, რომ ვირუსი უდრო და უფრო გავრცელდება და ეს არ არის არც ორთვიანი და არც ერთწლიანი პრობლემა კაცობრიობისთვის. ამიტომ, ყველაზე მთავარი იყო ამოცანის არასწორად დასახვა და, შესაბამისად, თუ ამბობ, რომ მე ვირუსი შევაკავე და ჩემთან არ გავრცელდება, მერე აღარც აიტკია მთავრობამ თავი, რომ შესაბამისი მზადება ყოფილიყო", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.  

ამასთან, ექსპერტები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, შეიცვალოს სისტემა და არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი.

"მნიშვნელოვანია, შეიცვალოს მართვის ფორმა, შეიცვალოს მიდგომა, ეს დახურული გადაწყვეტილების მიღების ფორმატი. ამ შემთხვევაში გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს ჯანდაცვის მინისტრს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ხდება მთლიანად, მთავრობის დონეზე, ამის მართვა. თითოეული ნაბიჯი არის მიღებული დახურულ კარს მიღმა, თანამშრომლობის გარეშე და ამის გამოსწორება უფრო მნიშვნელოვანია. თუ დუმბაძის ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ, კაბელი არის გამოსაცვლელი, თორემ მინისტრის შეცვლა ვერაფერს უშველის", - ამბობს ექსპერტი სანდრო ურუშაძე. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 531 ადამიანი.

ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაციაა. 

ცნობისთვის,16 ნოემბრის მონაცემებით,  ქვეყანაში თითქმის სრულად ამოწურული იყო საწოლფოდნი და სასუნთქი აპარატების მარაგი. დარჩენილი იყო მხოლოდ 227 თავისუფალი საწოლი  და 257 სასუნთქი აპარატი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი