ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის ჩატარების დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს კვლავ ვადამდელ არჩევნებში ხედავს და ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მოთხოვნები უცვლელია.
"ჩვენ სივრცე კომპრომისისთვის ნაკლებად გვაქვს. ის სივრცე, რომელიც არსებობს და ის არგუმენტები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც გულისხმობს ამ სამივე წინადადებას, კერძოდ, ახალ არჩევნებს და ცესკოს ახალ ადმინისტრაციას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, არის სწორედ ის წინადადებები, რომელზეც დათანხმდება ოპოზიცია. ამიტომ ამ პარლამენტს ოპოზიცია ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს და ივანიშვილის ფასადურ დემოკრატიას არ ამოეფარება ფასადად, როგორც ეს "ოცნებას" სურს", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.
ამასთან, ოპოზიცია "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ახლა ჯერი მმართველ პარტიაზეა.
"მოლაპარაკებათა ნებისმიერი ახალი რაუნდის განხილვის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი არის ის, თუ რა ტიპის შემხვედრი წინადადებებით წამოვა "ქართული ოცნება". ჩვენ აქამდე, სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ ვერანაირი კონკრეტული შემხვედრი წინადადებები "ოცნებიდან", ვერანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვერ ვხედავთ ვერანაირ კრიტიკულ რეფლექსიას "ოცნების" მხრიდან", - ამბობს "ლელოს" წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება.
ამასთან, როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, მათი გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებითაც უცვლელია.