"თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი" - ასე ეხმაურება მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე არჩევნებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას. მისი თქმით, ეკლესიას არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არც მანამდე უნდა მიელოცა.
"თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, მართებული პოზიციაა და ასეც უნდა იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით, არც წინა არჩევნებში, არც იმის წინაში, არც იმის წინის წინაში და არსასოდეს, არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ უნდა მიელოცა ეკლესიას. ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც. ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება. თუ ეკლესიის მსახურები და ასევე პოლიტიკოსები ვერ შევიგნებთ ამას, მოვა დრო და თვითონ ცხოვრება და საზოგადოება მიგვიჩენს ჩვენს ადგილს და ეს უფრო მტკივნეული იქნება", - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პატრიარქს ხელისუფლებისთვის ჯერ არ მიულოცავს, რადგან ისინი საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებას ელოდებიან.
საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს, რომლის თქმითაც, გამარჯვება მმართველ გუნდს ყველამ უნდა მიულოცოს.