სირაქლემას პოზაში გადავიდა ხელისუფლება, ისევ თვითტკბობას მიეცა – ექსპერტები ეპიდვითარებაზე

გამოქვეყნდა:

ექიმები და ეკონომისტები მთავრობას ეპიდსიტუაციის არასწორი კონტროლის გამო აკრიტიკებენ. 

ევროპული საქართველოს წევრის, ვახტანგ კალოიანის, თქმით, კორონავირუსზე შემცირებული ტესტირების გამო, დღიური ინფიცირების მატების რიცხვი რეალურზე ნაკლებია, ხოლო გაჭირვებული მოსახლეობისთვის პირბადის გამოყენებაც ძვირია.

ერთგვარ სირაქლემას პოზაში გადავიდა ხელისუფლება, ისევ თვითტკბობას მიეცა, რომ შეამცირა საწოლის დღეები, ცხრიდან რვა–ნახევრამდე და ამით არის ბედნიერი, რეალობა არის ის, რომ შემცირებული ტესტების გამოა მხოლოდ ეს 3000 შემთხვევა, პოპულარულია მოწოდება, რომ ატარეთ ნიღაბი, დაახლოებით ერთი თვე სწორად ნიღბის გამოყენება ჯდება 60 ლარი, რაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის თვიურად ბიუჯეტზე დიდი დატვირთვაა. – ამბობს, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ვახტანგ კალოიანი.

ეკონომისტების აზრით, ამ ეტაპზე ქვეყნის ისე ჩაკეტვა, როგორც იყო გაზაფხულზე, მასობრივ შიმშილს გამოიწვევს.

"რასაც ვხედავთ, ეს არის სუსტი და დაბნეული მთავრობა, საკუთარ არათანმიმდევრულობაშია  გახვეული, გაზაფხულზე 10 და 20 დაინფიცირების დროს, მთლიანად ჩაკეტეს ქვეყანა და ეკონომიკა ლამის გადაჩეხეს, ახლა ხვდებიან, რომ მთლიანად ჩაკეტონ ეკონომიკა, ფაქტიურად მასობრივ შიმშილს ვერ გადავრჩებით. ეს დრო დაიკარგა, იმის მაგივრად, რომ მომზადებულიყო ჯანდაცვის სექტორი", – ამბობს ეკონომისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, გიგა ბედინეიშვილი

შეგახსენებთ, მთავრობა  შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს. დღეს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პიკში შევდივართ და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გაგრძელდება. 

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა კოლაფსშია და საწოლფონდისა და სასუნთქი აპარატების რაოდენობა დღითი დღე იკლებს.

 ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი