ყველაფრით შეაშინეს ხალხი, მაგრამ შეზღუდვა დაარღვიეს და მაინც გააპროტესტეს გაყალბებული არჩევნები. ახლა ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა. იმას, რაც მათი უმოქმედობის შედეგია, სხვას აბრალებს.
კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდაში ოპოზიციონერებს და მათ მხარდამჭერებს ადანაშაულებენ. ამბობენ რომ რუსთაველის გამზირზე გამართულმა აქციებმა გამოიწვია კრიზისი.
ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებით საუბრობს, მაგრამ ავიწყდება რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ბევრი ღონისძიება გამართა.
ივანიშვილის მთავრობის წევრების ან განცხადებით ყველა რწმუნდება რომ ხელისუფლება პანდემიას სათავისოდ იყენებს.
8 თვე გავიდა მას შემდეგ რაც კორონავირუსმა საქართველოშიც შემოაღწია. როცა 14 შემთხვევა დაფიქსირდა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და სახლებში ჩაგვკეტეს. დიდი დრო ჰქონდათ, რომ ვირუსთან ბრძოლის გზები მოეძებნათ და კრიზისის წინაშე უძლური არ ყოფილიყო ქვეყანა, მაგრამ რა მივიღეთ?! - 8 თვის განმავლობაში ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია და ახლა ისღა დარჩენია ისრები სხვა მიმართულებით გაუშვას.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების ქმედუუნარობის გასაპროტესტებლად, დღეს ისევ ბრალდების მთავარი ადრესატები არიან.
ფაქტია, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს, უფრო მეტიც - სხვას აბრალებს. როდემდე აპირებს ქართული ოცნება ეპიდემიასთან და კრიზისთან ამ მეთოდებით ბრძოლას უცნობია. ყველა მინისტრი ირწმუნება, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის კრიზისმენეჯერი გიორგი გახარიაც.