აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მდებარე კალბაჯარის რეგიონი გვიან ღამით გადაეცა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანს, მთიან ყარაბაღში მდებარე კალბაჯარის რეგიონი, გვიან ღამით გადაეცა.

ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერმინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი 25 ნოემბერს კალბაჯარის რეგიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

კალბაჯარის რაიონის გადაცემასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მოსახლეობას პრეზიდენტმა ილჰა ალიევმა მიმართა. 

"ძვირფასო თანამოქალაქეებო, კალბაჯარის რეგიონი დღეს ოკუპაციისგან თავისუფალია. გულწრფელად ვულოცავ ყველა აზერბაიჯანელს.

ძვირფასო კალბაჯარელებო, თქვენი მშობლიური რეგიონი ოკუპაციისგან თავისუფალია. აზერბაიჯანის მოსახლეობა ამ დღეს წლების განმავლობაში მოუთმენლად ელოდა. კალბაჯარის რაიონის ოკუპაცია 1993 წლის 2 აპრილს მოხდა. უდანაშაულო ხალხი წინაპრების მიწიდან უმოწყალოდ განდევნეს. მნიშვნელოვნად დაზიანდა კალბაჯარის ისტორიული ადგილები და ბუნებაც", - ამბობს ილჰამ ალიევი. 

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს აზერბაიჯანს აღდამის რეგიონიც გადაეცა. 

ცნობისთვის, 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ადგილზე რუსული "სამშვიდობო" ძალები შედიან.

შეთანხმების მიხედვით, ფაშინიანი ვალდებულებას იღებს, 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აღდამის რაიონი. 25 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ, სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი