აკრძალვების პარალელურად მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ასეთი შეზღუდვების დაწესებას მათი უმეტესობა გაუმართლებლად მიიჩნევს. ამბობენ, რომ ხალხი ისედაც გაღარიბებულია და ახლა უკვე შიმშილი ემუქრებათ.
ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოვაჭრეების უმეტესობა გადაადგილების პრობლემის წინაშე დგება
შაბათიდან იკრძალება ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით გადაადგილება. მძღოლებიც სხვა თვითდასაქმებულების მსგავსად უნდა გაჩერდნენ. ყოველდღიური შემოსავალი აღარ ექნებათ, არც დანაზოგი აქვთ.
მუშაობა არ ეკრძალება არც სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებს, თუმცა ეს მათ მდგომარეობას მაინც არ ამსუბუქებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა მათაც პრობლემების წინაშე აყენებს.
შაბათიდან მოსახლეობა ვერც ავტობუსებით და ვერც მეტროთი იმოძრავებს. როგორ უნდა მივიდნენ სამსახურებამდე ის ადამიანები ვისი სამუშაოც არ ჩერდება, არ იციან. არ გამორიცხავენ, რომ ამის გამო სამსახური დაკარგონ.
რით ირჩენს თავს ისედაც უკიდურესად გაღარიბებული მოსახლეობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჯერ არავინ იცის. ხელისუფლება დახმარებას მხოლოდ პირველი იანვრიდან გეგმავს.