ჩრდ.კორეა, ჩინეთი, ლაოსი, კუბა, სარაევო, ვიეტნამი, ერითრეა, საქართველო - მე-8 ქვეყანა, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 10 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. ამ დროის მონაცემებით, ის მხოლოდ "ოცნების" დეპუტატებით გაიმართება.

თუ "ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა, საქართველო მსოფლიოში მერვე ქვეყანა გახდება, რომელიც 21-ე საუკუნეში  ცხოვრებას ერთპარტიული პარლამენტით გააგრძელებს. ასეთ ქვეყნებს შორისაა: ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ლაოსი, კუბა, საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა, ვიეტნამი და ერითრეა.

ერითრეას თითქმის 30 წელია, ერთი პარლამენტი ისე მართავს, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება. არჩევნები 2001 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

ლაოსში კი  1975 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში სახალხო რევოლუციური პარტიაა.

პოლიტიკური კრიზისის პარალელურად კი, მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციას ერთდროულად პარლამენტში შესვლასაც ეხვეწებიან და თან ამბობენ, რომ მათთვის უმნიშვნელოა, იქნება თუ არა მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო.

"ოცნების" გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ  პრობლემას ვერ ხედავს, თუ ოცნება პარლამენტში მარტო დარჩება. 

ეს განცხადება იმ პარტიის ლიდერს ეკუთვნის, რომელიც 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყანა ჩიხშია და საქართველო ავტორიტარიზმის გზას ადგას და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ერთმა პარტიამ ჩაიგდო.

ახალა კი, მთავარი კითხვაა, რა რეაქცია ექნებათ ხელისუფლების მიტაცებაზე საერთაშორისო პარტნიორებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სრულად ოპოზიციური სპექტრი გაყალბებულად თვლის და საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე უარს ამბობს. ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

ავტორი: შოთა კიკნაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი