პირველი შობა კორონავირუსთან ერთად - ევროპა დღესასწაულებისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

მსოფლიო კორონავირუსთან ერთად პირველი შობა–ახალი წლის შესახვედრად ემზადება.

იტალიაში, რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზეა, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ წელს სხვანაირი შობა იქნება.

 "წელს უფრო ფხიზელი შობა იქნება, საშობაო შეკრებების, კოცნების და ჩახუტებების გარეშე, თოვლის ბაბუა აუცილებლად მოვა, მასზე სამოგზაურო შეზღუდვები არ მოქმედებს" – თქვა იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ.

იტალიაში არ იგეგმება შეკრებების ოფიციალური შეზღუდვა, თუმცა მთავრობა ხალხს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. აიკრძალა ეროვნული ტრადიციული საშობაო ბაზრობა, ასევე არ ჩატარდება შობის ღამის ცერემონია ეკლესიაში, თუმცა თავად ეკლესიები ღია იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თქვა რომ 28 ნოემბრიდან საფრანგეთში შეზღუდვები შემსუბუქდება.

მაღაზიები, თეატრები და კინოები შობამდე ცოტა ხნით ადრე გაიღება და მოქალაქეები ერთმანეთთან სტუმრობასაც შეძლებენ. 15 დეკემბრიდან საფრანგეთში 21 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება, რესტორნები კი 20 იანვრიდან გაიღება.

საფრანგეთი წელს, შობასა და ახალ წელს ჩვეულებრივი საშობაო განათებებით ხვდება.

 

 

 

 

 

გერმანიაში ბარები და რესტორნები დაკეტილია, თუმცა სკოლები და მაღაზიები გაიღო. შეზღუდვების შესუსტების ფონზე, გერმანიაში მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ. ანგელა მერკელის თქმით, საშობაოდ გერმანიაში 10 ადამიანის შეკრება დასაშვები იქნება. საშობაო ბაზრობები  დაკეტილია.

 

 

 

 

 

ესპანეთში, სადღესასწაულოდ მზადება შედარებით განსხვავებულია, მთავრობა აპირებს საშობაოდ რესტორნის ტერასებზე დღესასწაულების აღნიშვნის დაშვებას. მადრიდში კი მთავრობის წარმომადგენლები ითხოვენ საშობაოდ აფთიაქებში მოსახლეობის კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყოს, რომ ხალხმა უშიშრად შეძლოს დღესასწაულებზე ნათესავების მონახულება.

კორონავირუსზე ტესტირების მასშტაბის გაზრდას გეგმავენ ავსტრიაშიც. დეკემბრის დასაწყისში ავსტრიაში ათასობით პოლიციელის და მასწავლებლის კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება.

"რამდენიმე წუთიანმა ტესტმა შესაძლოა ქვეყანაში ლოქდაუნის რამდენიმე კვირა აგვარიდოს" – თქვა ავსტრიის კონსულმა სებასტიან კურზმა.

შვეიცარიაში საშობაოდ ღია იქნება სამთო–სათხილამურო კურორტები. შვეიცარიის მთავრობამ, კურორტები უკვე გააფრთხილა, რომ რეგულაციების დაცვით, მათ შეუძლიათ მუშაობა განაგრძონ და ტურისტული ობიექტები ღია დატოვონ.

 

 

 

 

 

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი