„ახლა დუმილი სირცხვილია“ „ შემდეგი იქნები შენ“ - ამ ბანერებით სამოქალაქო აქტვისტებმა კარტოგრაფების დაკავება გააპროტესტეს. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილები ითხოვდნენ, რომ უწყებამ ადვოკატებს ის დოკუმენტები გადასცეს, რომლითაც დაკავებულების უდანაშაულობა დასტურდება.
აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ილიჩოვა და მელაშვილი სინდისის პატიმრები არიან და დავით გარეჯის თემა ივანიშვილის გუნდმა ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით წამოიწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, ამაზე დიდი ხანია საუბრობენ ადვოკატები. დაცვის მხარის განმარტებით, დავით გარეჯის საკითხზე უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა ივერი მელაშვილის გამოკითხვის შემდეგ მალევე დახურა.
გამოძიება რომ დაკავებული კარტოგრაფების რეპუტაციის შელახვას მიზანმიმართულად ცდილობს, ამაზე ივერი მელაშვილის მეუღლე საუბრობს და ამბობს, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
ადვოკატები დაკავებული კარტოგრაფების თავდების სახით გამოშვებას ითხოვენ და ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება საქალაქო სასამართლოში, ორშაბათს გადაისინჯება.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი