ჩვენი ქვეყნის კოვიდ-ისტორია, 26 თებერვლიდან, ერთი ინფიცირებული პაციენტის გამოვლენით დაიწყო. იმ დღიდან მოყოლებული 21 მარტამდე, ანუ  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადებამდე, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 10-ს არ გადაცილებია, ხოლო იმ მომენტში, როცა საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში მხოლოდ 49 კოვიდ დადებითი პაციენტი იყო. 

კოვიდ პანდემიის მართვის საქართველოს მთავრობისეული პოლიტიკა კი არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი და აკრძალვების ნაწილში, როგორც წესი, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. 

მაშინ, როცა ღია სივრცეშიც კი ორზე მეტი ადამიანის ერთად დგომა აკრძალული იყო და ამ რეგულაციის დარღვევის გამო ხალხს სამი ათასი ლარით აჯარიმებდნენ, საქართველოს მთავრობა  ვერაფერს უხერხებდა ეკლესიასა და მრევლს, რომელიც აღდგომისთვის ემზადებოდა.  

და თუ ეპიდემიოლოგები  მეორედ მოსვლის სცენარს ანვითარებდნენ, მათი მინისტრი სულაც არ იყო წინააღმდეგი ზიარების რიტუალში, სადაც მხოლოდ ერთ კოვზს იყენებდნენ, ათიათასობით ადამიანს  მიეღო მონაწილეობა. 

პარალელურად, მთავრობა ქართულ საზოგადოებას პერიოდულად სულ რაღაც 50 თეთრად ისეთ ხილულ სასწაულსაც სთავაზობდა, როგორიც “ჩაჯვად” მონათლული პირბადე იყო და არამხოლოდ სთავაზობდა, არამედ ამ “სამკერვალო შედევრით” ამაყობდა კიდეც. 

“გუგლის” კოვიდ რუკაზე დაკვირვებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში, ინფიცირების ყველაზე   მაღალი მაჩვენებელი,  16 აპრილს დაფიქსირდა. იმ დღეს კორონავირუსი 42 ადამიანს დაუდგინდა. ამის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ახალი შემთხვევების  რიცხვს ოცდაათამდე არასდროს აუღწევია. 

ლამის ქვეყნის მტრად იყო შერაცხული ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული, რომელიც ბედავდა მთავრობისა თუ ქართველი მედპერსონალის მთელი რიგი გადაწყვეტილებები გაეკრიტიკებინა. ობსტრუქცია,  საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმს არამხოლოდ  აქაურმა კოლეგებმა არამედ პარტია ქართული ოცნების “ბოტებმა თუ ტროლებმა” არაერთხელ მოუწყეს.  

პირველი საგანგაშო სიგნალი 2 სექტემბერს გაისმა, როცა კორონავირუსი 38 პაციენტს დაუდგინდა.  

ნამდვილი პანდემია კი საქართველოში 7 სექტემბრიდან დაიწყო. იმ დღე დადასტურებული 34 შემთხვევის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირებულთა სტატისტიკა მუდმივად იმატებდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი კატასტროფულად იზრდებოდა. 

დაღუპულთა რიცხვი დღეის მდგომარეობით 1200 უკვე გადასცდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მონაცემებს რამდეჯერმე აღემატება. 

ერთ წელიწადში საგანგებო მდგომარეობის ორჯერ გამოცხადების გამო, ადამიანების გარდა დაღუპვის პირას არის თავად ქვეყნის ეკონომიკაც.

საზოგადოება ჯერჯერობით მორჩილად ეგუება შინაპატიმრობის მსგავს შეზღუდვებს და რატომღაც არს სვამს მთავარ კითხვას, როგორ დაძლევს კოვიდპანდემიას წინასაახალწლოდ გამოცხადებული ლოქდაუნი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი