ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე ისაუბრა და თქვა, რომ პრეპარატი "რემდესივირი" მას საზღვარგარეთიდან გამოუზავნეს.
ქვეყნის პირველი ინფექციონისტის ამ სიტყვებს სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილისგან ნეგატიური კომენტარები მოჰყვა, რადგან "რემდესივირი" კორონავირუსის სამკურნალოდ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ცნობისთვის, საქართველო 4 000 დოზა რემდესივირის შეძენას გეგმავს, თუმცა, პრეპარატი აფთიაქებში არ გაიყიდება და ის კლინიკებში, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, მხოლოდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე კოვიდპაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჯერ დასაწყისია და კორონავირუსის პიკი ქვეყანას წინ ელოდება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
28 ნოემბერს კი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა.