აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება გრძელდება - პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილეც დააკავა, თუმცა მათი ზუსტი როდენობა უცნობია.
ტერიტორიაზე სამოქალაქო მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებმა საჰაერო ბუშტებიც მიიტანეს, რომელზეც ეწერა "თორნიკე, ბიძინას მონა" - ბუშტები აქტივისტებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, კაბინეტთან გაუშვეს.
ამის შემდეგ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთერთი ადამიანი ცუდად გახდა - სასწრაფო დახმარების მანქანამ ის რამდენიმე წუთის წინ გაიყვანა ტერიტორიიდან.
"რიჟვაძეს ჰგონია, რომ მარტივად შერჩება ხმების მოპარვა. გამოვიდეს და შეგვხვდეს, მაგრამ ის თბილ სავარძელში ზის ჯერ", - ამბობს ერთერთი აქტივისტი.
"ბუშტების გამო დააკავეს ადამიანები, რაც არის სრულიად სირცხვილი. ზოგი ჭყლეტაში გახდა ცუდად, 1 ადამიანი დაკავების დროს პოლიციას გამოვტაცეთ ხელებიდან. უამრავი ადამიანი მოდის აჭარის მთავრობის სახლთან პრობლემებით და მაინც არ ჩნდება რიჟვაძე. გაგრძელდება პიკეტირება ყოველდღიურ რეჟიმში", - თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ.
ოპოზიციის წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, 2 ადამიანია დაპატიმრებული.
"მე რაც დავინახე, ორნი იყვნენ. იმედია, ზუსტად მაინც გვეტყვიან მათ რაოდენობას", - ამბობს ბაგრატიონი.
შეგახსენებთ, რომ ხმაური ბათუმში დღეს დილითაც იყო - აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ის 1 თვეა მოსახლეობასთან არ ჩნდება.
მოგვიანებით ოპოზიციის წარმომადგენელი, ელგუჯა ბაგრატიონი, საცხოვრებელ კორპუსში არ შეუშვეს, რამაც ასევე დაპირისპირება გამოიწვია.
ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან არც ამ დროისთვის შემწყდარა.