იცოდნენ, რომ ოფისი უნდა დაეცალათ - პაატა ბურჭულაძის შვილები პოლიტიკური ზეწოლის შესახებ

გამოქვეყნდა:

პაატა ბურჭულაძის შვილების კუთვნილი სარეკლამო კომპანია ,,ემ-ეს''-ი დალუქულია. ოფისიდან გატანილია ტექნიკა, მობილური ტელეფონები, დამფუძნებლების ნივთები, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებიც. რაც შეეხება ბურჭულაძის ვაჟებს, მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხავენ. 

სპეცოპერაცია, რომელიც კორონა ვირუსთან დაკავშირებულ შეტყობინებებს მოჰყვა, თითქმის 5 საათს გაგრძელდა. ჭავჭავაძის 15 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის სახელით რამდენიმე ადამიანმა კორონა ვირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. როგორც გაირკვა, ამ ფორმით კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი თავის ახლობლებს ცუდად გაეხუმრა. გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

"მთავრობისგან როდესაც გაიგზავნა რეალური გამაფრთხილებელი სმს-ები, რამდენიმე საათში მოხდა ის მასიური დაგზავნაც, რომელიც სხვა კომპანიის გავლით იყო და ასევე ჩვენმა თანამშრომელმაც გააგზავნა. ჩვენგან ამ თანამშრომელი გოგოსგან იყო მხოლოდ ექვსი სმს. ესეც არ უნდა მომხდარიყო, იმ  დღესვე გავათავისუფლეთ სამსახურიდან. კითხვის ნიშნები გაგვიჩნდა.  გადამეტებული რეაქცია მოჰყვა მთავრობის, მაგრამ ამას გვანახებს საქმის მსვლელობა,"-აცხადებს შუქური ბურჭულაძე. 

პაატა ბურჭულაძის მეორე ვაჟი ლექსო ბურჭულაძე ამბობს, რომ გამოძიებამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები წაიღო. მისი თქმით, უჩნდება ეჭვი, რომ ოფისში შესვლა რეალურად შეტყობინებებს არ უკავშირდებოდა. 

"როდესაც ვეკითხებოდით, როდის მოხდა ჩვენგან სმს-ების დაგზავნა გვითხარით, ჩანაწერი რა პერიოდის ამოვიღოთ? -არ იცოდნენ. ერთადერთი იცოდნენ, რომ უნდა დაეცალათ ოფისი,"-ამბობს ლექსო ბურჭულაძე.

ბურჭულაძეების ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები სამართლებრივი ჩარჩოებიდან იყო გასული და მას არაფერი აქვს საერთო საგამოძიებო მოქმედებებთან.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტმა ადგილზე დაადასტურა, რომ ამ ქმედებას საბოტაჟთან და სისხლის სამართლის დანაშაულთან კავშირი არ აქვს. რამიშვილი, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლაზე საუბრობს.

სპეცოპერაცია ვაკეში გუშინ ჩატარდა. ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის სპეცსამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. ლექსო ბურჭულაძის ავტომობილის ჩხრეკა კი გვიან ღამით დასრულდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი