რატომ დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ და არის თუ არა ამის მიზეზი გაყალბებული არჩევნები. აქამდე მიქელაძის სავარაუდო წასვლის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდებოდა, თუმცა პოსტში მიქალაძე განმარტავს:
"ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში", - დაწერა მან.
"მთავართან" სატელეფონო კომენტარში ანა მიქელაძემ დამატებით მიზეზებზე აღარ ისაუბრა და პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავა.
"ყველაფერი რაზეც მინდოდა მესაუბრა არის ჩემ პოსტში, მეტს დამატებით, არანაირ თემასთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ. ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ სხვა პოლიტიკური ან რაიმე სარჩულის ძებნას ნუ დაიწყებთ", - თქვა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძე მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, რაც 31 ოქტომბრის ღამეს, თამარ ჟვანიამ არჩევნების შედეგები გამოაცხადა. ამის შემდეგ სპიკერებად ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ატარებდა ბრიფინგებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიქელაძის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ როგორ გაყალბდა ქვეყანაში არჩევნები.
"ანა მიქელაძის დღევანდელი განცხადება ნათელი დადასტურებაა იმის, რომ მან უარი თქვა გამოეცხადებინა ტყუილი, გადაკეთებული, თამარ ჟვანიას ციფრები და ამით საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში. მიქელაძის გადაწყვეტილება ნათელი დადასტურებაა იმის, რომ არჩევნები გაყალბდა საშინლად", - თქვა ენმ-ს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ეს ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უწყებაში ზეპირად ადასტურებენ, რომ მიქელაძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. დამატებით კომენტარს კი არ აკეთებენ.
მიქელაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 5 წელი მუშაობდა.