საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, წლის ბოლომდე გელათის ტაძრის ოთხივე მკლავი დროებით თუნუქის მყარი სახურავით დაიხურება. დროებითი გადახურვა ტაძარში წყლის ჩასვლის გამო გაჩნდა, რომელიც უნიკალურ ფრესკებს ანადგურებს.
სააგენტოში ამბობენ, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. გადახურვას ისევ "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და მისი კონტრაქტორი კომპანია "იკორთა 2007" განახრორციელებს, სამუშაოების მესამე ეტაპი წინასწარი პროგნოზით, 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ინტერიერში წყლის ჩადინება არიდებული იქნება.
გელათის გუმბათის ყელის ძირის ნიშნული, ეკვდერები, საკურთხეველი, პასტოფორიუმები, კარიბჭეები და ნართექსი წინა ორი ეტაპის ფარგლებში თუნუქის ფილებით უკვე გადახურეს.
"პარალელურად, ახლო მომავალში გელათის სამონასტრო კომპლექსში სპეციალისტები ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად შესყიდული გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის წინასწარ განსაზღვრულ არეალებზე ინსტალაციის პროცესს დაიწყებენ. ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგის სენსორების მეშვეობით, განისაზღვრება მაკროკლიმატის (ტაძრის გარეთ არსებული გარემოს) გავლენა მიკროკლიმატზე (ტაძრის შიდა სივრცეზე) და მათი შესაძლო გავლენა კედლის მხატვრობის მდომარეობაზე", - წერია სააგენტოს განცხადებაში.
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება.
გელათის თუნუქის ფილებით გადახურვას არაერთხელ მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციაში. სადაც ამბობენ, რომ თუნუქის ფირფიტებით ტაძრის გადახურვა მონასტერში ტენიანობის ზრდასა და, შესაბამისად, ფრესკების დაზიანებას შეუწყობს ხელს.
ცნობისთვის, გელათის მონასტერში უკვე 7 წელია რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მე-12 საუკუნის ტაძარის ერთ ნაწილში სახურავიდან წყალი ჩადის და უნიკალურ ფრესკებს თანდათან ანადგურებს.