ოპოზიიციის ლიდერების და მთავარი არხის გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესები, გადადებულია, მიზეზად, კოვიდპანდემია დასახელდა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ რეპრესიების ჯერ დაანონსება და შემდეგ გადადება ნერვებზე თამაშია და მორიგი პოლიტიკური ნაბიჯი, რითაც ოლიგარქი მიანიშნებს, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს: უნდა რეპრესიებს დაიწყებს, უნდა - გადადებს.
ივანიშვილი მიხვდა, რომ ასეთი ნაბიჯებით ვერავის დააშინებს, სასამართლო პროცესები ვერ გახდებოდა ვინმეზე ზემოქმედების მიზეზი, ამიტომ გადაიდგა მორიგი ნაბიჯი, - ამბობს სერგი კაპანაძე "ვეროპული საქართველოდან".
გამიჭირდება თქმა, რატომ გადაიდო პროცესი და რატომ გახდა პანდემია გადადების მიზეზი ახლა, მაგრამ ფაქტია, რომ დამიკავშირდნენ სასამართლოდან და მითხრეს, რომ იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, პროცესი გადადებულია, ყოველ შემთხვევაში, გუშინ დაანონსებულ დღეს, 7 დეკემბერს ეს პროცესი არ ჩატარდება, - ამბობს ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.
ეს ყვერლაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ, ივანიშვილი მიხვდა, რომ ვერავის მოისყიდიდა და ამიტომ ჩართო საქმეში სასამართლო, ახლა კი ამ პროცესების გადადებით, კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ჩვენ ელჩების შუამავლობით 8 მარტს შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და ამ შეთანხმების მიხედვით, უნდა შემწყდარიყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოება, ეს არის ცალსახა და გაწერილი იყო შეთანხმებაში, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე "ლელო საქართველოდან".
შეგახსენებთ, 2020 წლის 8 მარტს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ტექსტს მოაწერეს ხელი:
ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.