ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, თვეზე მეტია, ოპოზიცია, რიგითი მოქალაქეები და აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. რეგიონის პოლიცია სრული შემადგენლობით ისევ საჰარეო ბუშტების შესაგროვებლად იყო მობილიზებული, რომელსაც იქ შეკრებილი დემონსტრანტები უშვებდნენ.
ბოძზე ბუშტების დაკიდების გამო დაკავებული რეზო ხარაზის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ ახალგაზრდებთან ბრძოლას "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს.
"მთავარი არის ის, რომ რა შტაბეჭდილებაც დამრჩა პოლიციის განყოფილებაში, მინდა გითხრათ, რომ სრულიად კატასტროფა და მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ იმ ბიჭებს, აქ რომ აყენებთ ვიღაც ერთ პიროვნებას და დაცვად გყავთ გადაქცეული, ცოტა მიხედეთ, მეტი სტიმული მიეცით, მეტი ხელფასი და დაფასება მიეცით. ბუშტის და ასეთი სისულელეების გამო დროს ნუ ხარჯავთ. ჩვენ ამ ქვეყნისთვის გაცილებით მეტ ბუშტს დავკიდებთ, მეტ დროშას დავკიდებთ, მეტ საქმეს გავაკეთებთ", - ამბობს რეზო ხარაზი.
კიდევ ერთი დაკავებულის, ირაკლი ჩხვირკიას, სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
ბათუმის ცენტრში კი, ამ წუთებშიც, კომენდანტის საათის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი ისევ ქალაქის ცენტრში რჩება შეკრებილი.
დღის განმავლობაში მიმდინარე აქცია-დაკავებებს ბუშტების გამო, თავად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე თვალს ისევ კაბინეტის ფანჯრიდან ადევნებდა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში ხმაური და დაპირისპირება არ წყდება. მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, შეხვედრას ითხოვს, რომელიც 1 თვეა საზოგადოებაში არ ჩნდება. აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ ბუშტებიც გაუშვეს, რასაც რამდენიმე პირის დაკავებაც მოჰყვა - დაკავებულთა შორის დღეს ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატიც მოხვდა.