"NATO"-ს გენერალური მდივანი საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას მიესალმება

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ნატო-ში საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას მიესალმება. ამის შესახებ მან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“დღეს მეორე სესიაზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შემოგვიერთდნენ. ჩვენ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე ვისაუბრეთ. რუსეთი საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას განაგრძობს. იგი ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს ყირიმში და სულ უფრო მეტად ზრდის ძალებს შავი ზღვის რეგიონში. ნატო ამას საკუთარი წარმომადგენლობის ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებში გაძლიერებით პასუხობს.

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან. მათ ჩვენს მისიებში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვთ. ჩვენ დღესაც კვლავ გამოვთქვამთ მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

მოხარული ვარ, რომ ალიანსის წევრებმა და საქართველომ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს. რეგიონში არსებული მდგომარეობის ცოდნის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე და ორივე პარტნიორთან ჩვენი დიალოგის გაძლიერებაზე მინისტრები უკვე შეთანხმდნენ", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რეგიონში საომაქი მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება. მისი აზრით, კონფლიქტის მოგვარება პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ, ალიანსში საქართველოს და უკრაინის მისაღებად ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნაზე ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი