ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ერთჯერადად სახელმწიფოს მხრიდან 300-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა და ესმის, რომ 300 ლარს 1000 ჯობია, თუმცა ამბობს, რომ ესაა ის, რისი გაღებაც შეუძლიათ. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.
"არ არის საკმარისი, 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია, რომ გავწიოთ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ეს არის დროებითი, დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად აქტიურად ითხოვს სავაჭრო სექტორი მალე გახსნას, მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ, ისინი ამბობენ - ვიმუშავებთ, გაგვხსენით... მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია", - თქვა ნათია თურნავამ.
თურნავას განცხადებით, უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ზოგადად ანტიპანდემიური მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ 300-ლარიანი დახმარების მისაღებათ რეგისტრაცია დღს, 3 დეკემბერს იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, განაცხადების მიღება 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.