
ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ხელშეკრულება დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.
"რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოების საკითხის დასტაბილურებას ხელს უშლის და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩეხეთის რესპუბლიკა გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში, 3 წელში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები იურიდიულადაც რუსეთის შემადგენლობაში გადავა.
რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელის, პაატა გაფრინდაშვილის, ინფორმაციით, ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ხელშეკრულება იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა.