17 წლის გოგო COVID–სასტუმროდან დაუტესტავად გამოწერეს –მას ვირუსი ისევ აღმოაჩნდა

გამოქვეყნდა:

17 წლის თამთა ნაცვალაძე კორონავირუსის დიაგნოზით ოზურგეთიდან ბათუმის კოვიდ–სასტურმოში გადაიყვანეს, საიდანაც ისე გამოწერეს, რომ მისთვის ხელახალი ტესტირება არ ჩაუტარებიათ და, შესაბამისად, არც უარყოფითი ტესტის პასუხი მისვლია.

რამდენიმე დღის შემდეგ, გურიაში დაბრუნებულმა თამთა ნაცვალაძემ თავი ცუდად იგრძნო, ტესტი თავისი სახსრებით ჩაიტარა და კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა.

თამთა ნაცვალაძესთან ერთად ინფიცირებული იყო მისი მამიდაც, რომელიც ასევე არ დაუტესტავთ.

17 წლის COVID-ინფიცირებული პაციენტის ოჯახი სასწრაფოს 5 დღეა უშედეგოდ ელოდება. ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ, რომ შემთხვევა ტრაგიკულად არ დამთავრდეს.

"სახლში რომ მოვედით, ჩივილები დამეწყო, ისევ დადებითი პასუხი მოვიდა, სასწრაფოში დავრეკეთ რომ გადავეყვანე, მითხრეს ვერ გადაგიყვანთ ვერც სასტუმროში ვერც საავადმყოფოში ბევრი ხალხია ძალიანო." –ამბობს ინფიცირებული თამთა ნაცვალაძე.

კოვიდ–სასტუმროში განმარტავენ, რომ რადგან პაციენტები სასტუმროში 11 დღე იყვნენ, ისინი გადამდებები აღარ არიან და პროტოკოლის მიხედვით მათი გაწერა შეიძლებოდა.

ცნობისთვის, დახმარებას უშედეგოდ ელოდება, კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის ქალი სოფელ აღაიანში - ოჯახი მეოთხე დღეა, ასთმიანი ქალის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თეკლა თოდრია დაგვიანებული მკურნალობის გამო კორონავირუსით გარდაიცვალა, დღეს კი მცხეთის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 წლის ნინო გულიკაშვილი.

დღეს, 3 დეკემბერს საქართველოში დადასტურებული 4 260  კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 131 გურიიდანაა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 027 მძიმე პაციენტია, მათგან 390 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  მათგან  2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი