20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმმა შიდა ქართლის სოფელ ზარდიაანთკარიის მცხოვრები 63 წლის მირიან თაზიაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავა და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დავით ქაცარავას თქმით, მირიან თაზიაშვილის დაპატიმრება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს ან ვერაფერს აკეთებს, თავისი მოქალაქეების დასაცავად. მისი თქმითვე, ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმი საზღვრის გადაკვეთისთვის აჯარიმებდა, ახლა კი აპატიმრებს.
"საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა მირიან თაზიაშვილი, ზარდიაანთკარის მცხოვრები და როგორც შევიტყვეთ, მას უკვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება ოფიციალურად გადავიდა სტატისტის როლში, ის ვერაფერს ან არაფერს აკეთებს, რომ დაიხსნას ჩვენი მოქალაქე ტყვეობიდან და განსხვავებით, სხვა შემთხვევებისგან, როგორც წესი ჩვენ ვიცით, რომ ორ სამ დღეში თავისუფლდებიან ჩვენი მოქალაქეები, მირიან თაზიაშვილს უკვე შეეფარდა ორ თვიანი პატიმრობა, როგორ დასრულდება ეს ისტორია ჩვენ ნამდვილად აღარ ვიცით" , – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თაზიაშვილის ოჯახს ცოტახნისწინ დაუკვშირდა და უთხრა, რომ ცხინვალის ციხეში მყოფ მათ ოჯახის წევრს დე–ფაქტო რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თაზიაშვილის ახლობლებისთვის მამაკაცის დაკავების გადაწყვეტილება მოულოდნელია, ოჯახი დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.
ცნობისთვის, ამ დრომდე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი, მათი ოჯახებიც თვლიან, რომ ხელისუფლებამ არასათანადოდ იმუშავა.