მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება - საქართველოს მეგობართა ჯგუფი

გამოქვეყნდა:

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა განცხადება გაავრცელ, სადაც ჯგუფში შემავალი ქვეყნები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ.

საქართველოს მეგობარ ჯგუფში ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ შედიან.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და გამოვთქვამთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებებიდან 12 წლის შემდეგ, ჩვენ ისევ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

"ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის აღიარება. ჩვენ ვგმობთ ბოლოდროინდელ "პროგრამას" რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ, როგორც კიდევ ერთ ნაბიჯს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ", - წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, საქართველოს მეგობარი ჯგუფის ქვეყნები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტითაც, რომ რუსეთის ფედერაციისა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან პროვოკაციები COVID-19 პანდემიის ფონზეც კვლავინდებურად გრძელდება.

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, მათ შორის, წამების, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების განადგურებისა და გადაადგილების თავისუფლების, ქონებასთან დაკავშირებული უხეში დარღვევების გამო. მხარს ვუჭერთ ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს მეგობარი ჯგუფის ქვეყნები მხარს უჭერენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, როგორც რუსეთ-კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების საშუალებას და რუსეთს მოუწოდებენ, ხელი არ შეუშალოს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის რეალიზაციის შემთხვევაში, 3 წელიწადში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები იურიდიულადაც რუსეთის შემადგენლობაში გადავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი