იახტა, სადაც მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ, ფოთის პორტშია - საქართველო საერთაშორისო სკანდალში ეხვევა

გამოქვეყნდა:

28 ნოემბერი 18 საათი და 20 წუთი. 

გონიოს სანაპიროდან 12 კილომეტრში საზღვაო პოლიციამ იახტა გააჩერა და თოკებით მიიბა. უცხო ქვეყნის ეკიპაჟს მიზეზი ვერ აუხსნეს, ამიტომ იახტაზე მყოფებმა თოკები ჩაჭრეს და გზა, ისევ თურქეთის მიმართულებით გააგრძელეს. რამდენიმე წუთში იახტა ინსიემე ისევ შეაჩერეს და უკვე საღამოს 9 საათზე მასზე სანაპირო დაცვის წევრები გადასვეს. გემი დაათვალიერეს და რამდენიმე საათის შემდეგ ვოლოდიმერ დიაჩენკოს, იური ხომიჩს და მიხეილ ბატურინს უთხრეს, რომ საქართველოს საზღვრის ჯგუფურად უკანონო კვეთის ბრალებით იყვნენ დაპატიმრებულები. არადა პროკურატურა თავად ამბობს, რომ გემზე მყოფ სამივე პირს დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და საზღვრის კანონიერად გადმოკვეთა შეეძლოთ. 

რა მიზანი ჰქონდათ ბრალდებულებს? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც გამოძიებას წესით პასუხი უკვე უნდა ჰქონდეს, თუმცა, საქმის მასალებში დანაშაულის მოტივზე საუბარი არ არის. დაკავებულების ადვოკატისთვის ბრალდება აბსურდულია. ბექა ბასილაიას განმარტებით გემი პორტში არ შესულა, შესაბამისად საზღვარი არ გადმოუკვეთავს. კუკის კუნძულების დროშით მცურავი "ინსიემე" ყველა საერთაშორისო კანონის დაცვით მიდიოდა თურქეთისკენ და ეკიპაჟის წევრების მიზნი საქართველოში შემოსვლა არ ყოფილა.  

საქმის მასალებში ჩანს, რომ მათ არც იარაღი, არც ნარკოტიკი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი არ გადაჰქონდათ, არც უკანონო თევზჭერაში შეუმჩნევიათ, შესაბამისად მათი გაჩერებისა და დაკავების  საფუძველი არ იყო. მაგრამ, ალბათ არსებობდა ფარული მოტივი რის გამოც საზვაო პოლიციამ ეს კონკრეტული კატარღა გააჩერა. ამის შესახებ სიღრმისეულად ბრალდების დადგენილებაში არაფერი წერია, თუმცა მაინც აქვთ ეჭვი, რომ ამ გემით საქართველოში ვიღაც უკანონოდ შემოიყვანეს. 

გემის ეკიპაჟის წევრებიდან ერთერთი საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბანტურინია, ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. ახლა, წესით ყველასთვის ნათელია, რატომ გააჩერეს კატარღა და კიდევ ვისი ნახვას ელოდნენ იქ. ალბათ, მართლა დაიჯერეს "მიშა ზღვიდან შემოვაო". ბევრი ძებნის შემდეგ, მათთვის სამწუხაროდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იქ არ აღმოჩნდა. მაგრამ გამოძიებას ამ მიმართულებითაც აგრძელებენ, იქნებ უკვე საქართველოშია. 

ვისაც ეძებდნენ ვერ იპოვეს, მაგრამ კაიუტის დათვალიერების დროს კედელზე ჩამოკიდებული 2 ცალი მყვინთავის სველი აღჭურვილობა და ასევე სველ მდგომარეობაში ჰიდროციკლი აღმოჩინეს. ახლა ცდილობენ დაადგინონ ეკიპაჟს რომელიმე წევრს ეცვა სპეციალური ეკიპირება და ისინი იყვნენ ჰიდროციკლზე თუ ვინმე სხვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი,რომ არც ბატურინი, არც ხომიჩი და არც დიაჩენკო პოლიციელებს არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ იმის გამო, რომ სააკაშვილთან მათი კავშირი დაადასტურებს სამივე დააკავეს. დაკავება კი, კანონდარღვევით მოხდა და ამას მოსამართლე დასაბუთებულ განჩინებაშიც წერს. 

უკანონო დაკავების მიუხედავად, აღკვეთ ღონისძიებად მაინც პატიმრობას უსჯის. შეიძლება ითქვას,რომ ეს სამართლებრივი ნონსენსია. ეს საქმე კი, არამხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც რეზონანსულია.  მეგობარი ქვეყნის მედიაში უკვე მეოთხე დღეა საქართველოს მხრიდან საერთაშორისო კანონმდებლობის და რეგულაციების დარღვევაზე საუბრობენ. ამბობენ,რომ უკრაინის მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს. ქვეყანა კიდევ ერთ საერთაშირსო სკანდალში გაეხვა 

გემი და ჰიდროციკლი ფოთის პორტში გადაიყვანეს. ექსპერტიზას ჩაატარებენ, ანაბეჭდებსაც აიღებენ, მაგრამ ბანტურინის, ხომიჩისა და დიაჩენკოსთვის დანაშაულის დამტკიცებას, როგორ აპირებენ რთული სათქმელია. სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ სანაპირო დაცვის სადგური გონიოს ცვლის უფროსის ინგა ხარაზის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს უფორისის მოადგილის რამაზ თედორაძის ჩვენებები დევს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატები კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებენ.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი