ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ამბობენ, რომ ტერიტორია ნეიტრალურია და იქ უნებართვოდ ჩიტიც ვერ შეფრინდება. სამაგიეროდ, შესვლა, დაფუძნება და ბიზნესის დაწყება მოახერხა ერთმა კომპანიამ. შპს "ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტმა" ქვეყანაში უპრეცენდენტოდ და პირველად ნეიტრალურ ზონაში ბენზინგასამართი სადგური ააშენა და საწვავის გაყიდვაც დაიწყო.
"მთავარი არხი" სადგურ "დარიალი ფოინთთან" პოლიციამ ახლოს არ მიუშვა, საკუთარ უფროსს დაურეკა და კითხვებზე პასუხი მისი დახმარებით გასცა.
იქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ საწვავის ფასი არ იციან, თუმცა კომპანიის მიერ დარიგებული ბუკლეტებით ირკვევა, რომ დიზელის ფასი აქ ყველაზე დაბალი, 1.55 თეთრია. ეს კი მაშინ, როცა მთელი ქვევყნის ტერიტორიაზე დიზელი ორ ლარზე მეტი ღირს. ასეთი დაბალი ფასი იმით აიხსნება, რომ "დარიალი ფოინთი" ე.წ დუტი ფრი ანუ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაშია აშენებული - იქ, სადაც ყველანაირი ბიზნესი გადასახადებისგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, ამ სადგურიდან არანაირი გადასახადი სახელმწიფოს ბიუჯეტში არ შედის.
კომპანია შპს "ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტის" დირექტორი და მესაკუთრე გიორგი შოშიტაიშვილია. ის ბელგიის მოქალაქე და ამავდროულად, ღვინის კომპანია "შილდას" 49%-იანი წილის მფლობელია. "შილდას" 51%-იანი წილის მფლობელი მიხეილ ჩხარტიშვილია. კომპანიის დირექტორი კი, მისი და ნათიაა. ისინი ვანო ჩხარტიშვილის შვილები არიან.
რთული გასაგები აღარაა, რატომ მისცეს ამ წლის იანვარში დაფუძნებულ კომპანიას ნებართვა, რომ აეშენებინა ბენზინგასამართი სადგური იქ, სადაც იგივე სურვილი თითქმის ყველა მსხვილ და გამოცდილ კომპანიას ჰქონდა.
ლარსის გამშვებ პუნქტზე აშენებული ბენზინგასამართი სადგურიდან წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტში 40 მლნ ლარი უნდა შესულიყო, თუმცა, კომპანია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით სარგებლობს და ახლა მილიონობით ლარი ვანო ჩხარტიშვილის ჯიბეში წავა. გიორგი შოშიტაშვილის კომპანია ბენზინგასამართი სადგურების აშენებას სარფში, ვალეში, სადახლოსა და გარდაბანშიც გეგმავს და, თანაც, იგივე პირობებში. ამ გეგმის განხორციელების შემდეგ კი, ვანო ჩხარტიშვილის ჯიბეში არა 40, არამედ 200 მლნ ლარი წავა.
თავად ჩხარტიშვილი არ უარყოფს, რომ მის შვილებს და გიორგი შოშიტაიშვილს საერთო ბიზნესი აქვთ.
საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ოფიციალურად კომპანიას ნეიტრალურ ზონაში ბენზინგასამართი სადგურის ნებართვა მისცა, თუმცა ყველამ იცის, რომ მინისტრები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და გზა, დიდი ალბათობით, კვლავ შუშის სასახლესთან მიდის. ჩინოვნიკები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები კვლავ მათივე სასარგებლოდ მილიონებს შოულობენ და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გარაღიბებული მოსახლეობის ხარჯზე ხდება.