ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის თქმით, საშობაო წირვა-ლოცვის ჩატარების ფორმა იმ დროისთვის საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, სასულიერო პირები მაქსიმალურად იცავენ უკვე გაცემულ რეკომენდაციებს და მომავალშიც ასე გააგრძელებენ.
"მჯერა, რომ როგორც დღემდე ბევრი რამე დაძლეულა, დაიძლევა ესეც, ოღონდ საჭიროა საერთო ძალისხმევა და საფრთხეების გათვალისწინება. თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთიმსახურების დროსაც სასულიერო პირები პირბადეებით ვდგავართ, ასევე მრევლიც. მეტი რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გეტყვით", - ამბობს მეუფრე გრიგოლი.
სფეროს ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში ვერ იმართება და აუცილებელია საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა შეიმუშავოს.
"კრიზისის მართვა არ არის მხოლოდ გადაბრუნებული ურემის შემთხვევაში რაღაც ღონისძიებების გატარება, კრიზისის მართვა არის რისკების წინასწარ განსაზღვრა და მათი პრევენცია. არც ერთი მომხდარა, არც - მეორე. ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არსებობდა, მწვავდებოდა, ღრმავდებოდა - კოვიდეპიდემიამ ეს ყველაფერი ამოიტანა ზედაპირზე და დაგვაყენა ეროვნული კატასტროფის წინაშე", - ამბობს ექსპერტი ფარმაციის საკითხებში, გიორგი ანთაძე.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კავკასიძე, კი მიიჩნევს, რომ "დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგია სტრატეგიის უქონლობაა" და აუცილებელია ე.წ "გადარჩენის შტაბი დაკომპლექტდეს კომპეტენტური კრიზის მენეჯერებით.