„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს, 7 დეკემბერს გაიმართება. ფასილიტატორების ჩართულობით, პოლიტიკურ მხარეებს შორის აუდიენცია 11:00 საათზე დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა სპექტრმა მათ მიერ შეთავაზებულ 4-პუნქტიან გეგმაზე მმართველი გუნდის საპასუხო წერილი უკვე მიიღო.
"ის, რაზეც შევთანხმდით ყველა ოპოზიციური პარტია, ეს წინადადება აქვს უკვე ხელისუფლებას. ძალიან მალე შედგება მორიგი შეხვედრა, სადაც გადაწყდება ბევრი რამ. მოლაპარაკებები გრძელდება მანამ, სანამ საჯაროს ხელისუფლება არ იტყვის, მოდის კომპრომისზე, თუ არ მოდის", - ამბობს "ენმ"-ის ლიდერი, ნიკა მელია.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის 4 შეთავაზებიდან 3-ზე სავარაუდოდ, უარს ამბობს. კერძოდ, მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, არ თანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, რადგან კონკრეტული პირების საქმეებს წმინდა სამართლებრივად მიიჩნევს და პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს.
გარდა ამისა, „ქართული ოცნებისთვის“ წითელ ხაზად რჩება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მათ შორის საკითხზე პლებისციტის ჩატარებაც. იმაზე, რომ “ქართული ოცნება“ არ აპირებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების რაიმე ფორმით კითხვის ქვეშ დაყენებას, ერთ-ერთი ბოლო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომლის თქმითაც, განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი მათი მხრიდან არ განიხილება.
მმართველი გუნდი შესაძლებლად მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას მიიჩნევს და საკითხზე დისკუსიის გახსნის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა სავარაუდოდ, ემიჯნება ოპოზიციის მოთხოვნას ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე არაპოლიტიკური პირია, არაპოლიტიკური პირის თანამდებობა კი, პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა, თუმცა მას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია.