ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო 9 წლით დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის ინფორმაციით, ვადის ნაწილი საპატიმრო სასჯელია, ნაწილი კი - პირობითი მსჯავრი.
ოჯახი იმედოვნებს, რომ ჟენევის საერთაშორისო ფორმატში 10-11 დეკემბერს საკითხს დიპლომატები განიხილავენ და რომ ხელისუფლება ბებუას გასათავისუფლებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
"4 წლის და 6 თვის გატარება მოუწევს უშუალოდ პატიმრობაში. როგორც გვაიმედებენ სახელმწიფო უწყებები, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთო. წითელი ჯვრის საშუალებით ირაკლისთან წერილობითი კომუნიკაცია გვაქვს, ის ამბობს, რომ ფიზიკურად ნორმალურადაა, თუმცა სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია", - ამბობს თამუნა ბებუა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლების გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. მათი თქმით, სეპარატისტულმა რეჟიმმა ოკუპაციის გაპროტესტების გამო კიდევ ერთხელ სამაგალითოდ დასაჯა საქართველოს მოქალაქე.
შეგასენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეს მიესაჯა.
ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზური დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის აღიარებს, რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა ხელყუმბარების ფლობას უარყოფს.
მოგვიანებით მომხდარს ომბუდსმენიც გამოეხმაურა - სახალხო დამცველმა საქართველოს ხელისუფლებას საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვისკენ მოუწოდა.
საკითხის შეფასებისას ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ "ქართული ოცნების" უმოქმედობამ საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურება გამოიწვია, რუსეთის პირისპირ კი საქართველოს მოქალაქეები დაუცველად დატოვა.