"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდამდე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამას არ აპირებს.
"სტარტეგია აღმაშენებელი" შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს. სამწუხაროდ, ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ - მათ შორის ბატონი ნიკა გვარამიას მხარდაჭერილმა ძალებმა - დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. რაც შეეხება ჩემს ამოცანებს - პირდაპირ გეუბნებით, რომ ის 30%, რომელმაც არჩევნებზე ხმა არც ნაცებს და არც ქოცებს არ მისცა, გავაერთიანოთ, რათა მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არ ვაპირებ სხვის რიტორიკასა და ბინძურ ქმედებებზე აყოლას. ყველას ვეუბნები - თავი შეიკავეთ ამ თავდასხმებისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, განსხვავდება. მე მინდა ივანიშვილი მოვაშთო, თქვენ გინდათ ოპოზიციაში იყოთ მუდმივად პირველები. თავდასხმებით და ბინძური ინფოებით მართულ კამპანიას ჩვენ ყოველთვის დავუპირისპირდებით. მე შეგახსენებთ წინასაარჩევნოდ "მთავარის" მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს, როგორ ვეკვრებოდით ვითომ ვიღაცებს და ბნელ მხარეს გადავდიოდით. ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია დამირეკოს, არც კი გიკითხავთ არაფერი", - ამბობს ვაშაძე.
ცნობისთვის, როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, მას აქვს ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი, სამი პარტიიდან, პარლამენტში შესვლას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში შესვლას შესაძლოა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და "გირჩის" წევრები დათანხმდნენ, ზურა ჯაფარიძის გამოკლებით.