კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება –კარტოგრაფების საქმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეში სამი ახალი ჩვენებიდან ერთ–ერთი კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ კუპრაშვილისაა, რომელიც, კონტრდაზვერვაში 2014–2017 წლებში მუშაობდა.

ოთარ კუპრაშვილის ჩვენებით, მან 2015 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით. მისი თქმითვე, საგარეო სამინისტრომ წერილზე არ უპასუხა და შეწყდა საქმის წარმოებაც , რომლის ფარგლებში ივერი მელაშვილიც გამოიკითხა. 

კარტოგრაფების ადვოკატების თქმით, კურპაშვილის ჩვენება არაფრისმომცემია, მათ ეჭვი აქვთ რომ კონტრდაზვერვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცვლილ დოკუმენტებს და საქმის დეტალებს არ ასაჯაროვებენ.

კუპრაშვილი 2015 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიწერილი წერილის შინაარს თავადვე განმარტავს და ამბობს, რომ კონტრდაზვერვას საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესის მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმიტომ სურდა, რომ კომისიაში თავიანთი თანამშრომელი შეეყვანათ.

"აქტუალურად იდგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ჩვენი წარმომადგენლის შეყვანა სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის შემადგენლობაში, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული სიტუაციის დაკვირვება, რათა არ მომხდარიყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, კონკრეტული წერილი ჩემ მიერ გაიგზვნა იმ მოტივით, რომ ზოგადი ინფორმაცია მიგვეღო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი წარმომადგენელი კომისიის შემადგენლობაში შეყვანის შემდგომ აქტიურად ყოფილიყო ჩართული კომისიის მუშაობაში, ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა გვცოდნოდა იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფოს შორის საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში, გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნე, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ჩემს წერილს, შესაბამისად არანაირი მსვლელობა აღარ მოყოლია ჩვენი მხრიდან კომისიის მუშაობის პროცესთან დაკავშირებით." – წერს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ოთარ კუპრაშვილი.

დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა, როგორც კონტრდაზვერვა, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო გულგრილად უდგებოდა საკითხს ან ორივე მათგანი არ ასაჯაროვებდეს გაცვლილ დოკუმენტებს.

"კონტრდაზვერვის თანამშრომელი რაღაც კითხვით თუ მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქიდან პასუხი არ აქვს, ან კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ჩადის გულგრილობას, ან ორივე ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროც. ან არის მესამე ვერსია, რომ არსებობს დოკუმენტები, რომლის გაცვლა–გამოცვლა მოხდა, თუმცა ამას არ ამბობენ საჯაროდ." – ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაშვილი

ადვოკატები ერთ თვეზე მეტია, კონტრდაზვერვის თანამშრომლის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიწერილ წერილს ითოხვენ.

კარტოგრაფების ადვოკატების თქმით არც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, არც ბეჟან მაისურაძის და არც კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნის ჩვენება არ ამტკიცებს დაკავებული კარტოგრაფების ბრალეულობას. ადვოკატები ითხოვენ, საქმეზე დაიკითხონ ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, კარტოგრაფების საქმეში ახალი გამოკითხულია ასევე, იგორ გიორგაძის გარემოცვის წევრი ბეჟან მაისურაძე, რომლის გამოკითხვასაც ადვოკატები რუსეთში მოღვაწე დავით ხიდაშელის პირველი ჩვენების შემდეგ ითხოვდნენ.

ბეჟან მაისურაძე 30 ნოემბრით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში, დავით ხიდაშელის ხელმეორე ჩვენებაში მოყოლილ ფაქტებს, ხიდაშელთან კავშირს და სადაო რუკებთან დაკავშირებით გავლენიან ხალხთან კონტაქტს ადასტურებს.

ახალი ჩვენებები დღეს ადვოკატებმა კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას ციხეში გააცნეს.

შეგახსენებთ, სააპელაციოს მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი, რომლითაც ისინი პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვებას ასაჩივრებდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი