ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და "ქართულ ოცნებას" საკანონმდებლო ორგანოში მარტო ტოვებს. პარალმენტმა კი, შესაძლოა, ის მექანიზმები აამოქმედოს, რომლითაც ოპოზიციას მანდატების დატოვების პროცესს გაუჭიანურებს.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 1 დეკემბერს, შუადღის 12 საათზეა ჩანიშნული.
ერთპარტიული პარლამენტი კიდევ უფრო გაამწვავებს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რადგან საკანონმდებლო ორგანო მის უმთავრეს - წარმომადგენლობით - ფუნქციას კარგავს. ამასთან, მნიშვნელოვნად იცვლება რეგლამენტი და საკანომდებლო ორგანოს მუშაობის წესი. როგორც ცნობილია, ახალ პარლამენტში ერთ პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქცია ეყოლება.
"ეს, გარკვეულწილად, არის პროცედურული ომი. რადგან პროცედურების მიხედვით, როცა მანდატებზე უარს ამბობს, ამან უნდა გაიაროს ჯერ საპროცედურო კომიტეტი, შემდეგ გადაეცეს ბიუროს და შემდეგ გავიდეს პლენარულ სხდომაზე. პროცედურების მიხედვით, არის 15-დღიანი ვადა, როცა ბიუროდან უნდა გავიდეს პლენარულზე, თუმცა, იქვე, კანონი ამბობს, რომ პირველივე პლენარულზე ეს უნდა მოხვდეს დღის წესრიგში", - ამბობს იურისტი გიორგი ჩიტიძე.
ამასთან, იურისტების თქმით, "ქართული ოცნება" შეეცდება, პარლამენტში გაჩნდეს 7 ადამიანი, რომლებიც ოპოზიციურ ფრაქციას შექმნიან.
"პროცედურულ ომს დაიწყებენ იმიტომ, რომ მიიღონ მათთვის სასურველი შედეგი. ეს შედეგი კი შეიძლება იყოს თუნდაც, 1 ფრაქციის, ანუ 7 პარლამენტის წევრი და მეორე, თუ ვის შეუძლია შექმნას საპარლამენტო ფრაქცია. სავარაუდოა, რომ ყველა ძალისხმევას მოახმარენ იმას, რომ პარლამენტში გაჩნდეს 7 ადამიანი, რომლებიც გაერთიანდებიან ფრაქციაში და ეს იქნება ოპოზიციური ფრაქცია", - ამბობს კონსტიტუციონალისტი, ლევან ალაფიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.