კონსტიტუციონალისტები უკვე აანონსებენ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ დასაწყისია და ის კიდევ უფრო გაღრმავდება.
დღეს არსებული სურათით, მე-10 მოწვევის პარლამენტი სრულფასოვნად მუშაობას ვერ შეძლებს. ერთპარტიული და ერთფრაქციული საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაციის მინიმალური ხარისხი ექნება.
რამდენი დეპუტატი დაწერს განცხადებას საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს პირველივე სხდომაზე გაირკვევა. თუმცა, პროცედურების დასრულებამდე, გამოაშკარავდება, რამდენი შეინარჩუნებს პოზიციას.
იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ გატყდა, მაშინ საქართველოს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ საკანონმდებლო ორგანო ეყოლება.
ამ შემთხვევაში, აზრი დაეკარგება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან მის მუშაობას მაშინ აქვს აზრი, როცა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები არიან. ამასთან, კრიტიკისა და პოლემიკის გარეშე წარიმართება ბიუჯეტის განხილვაც.
პირველივე სხდომაზე, ძალაში შედის ახალი რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი. არ იქნება უმრავლესობა და უმცირესობაც. ერთ პარტიას მხოლოდ 1 ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ექნება.
სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ "ქართული ოცნება" შეეცდება, პარლამენტში გაჩნდეს 7 ადამიანი, რომლებიც ოპოზიციურ ფრაქციას შექმნიან.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.