სასამართლო დღეს აკაკი კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის აღკვეთის გადასინჯვაზე იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

გათავისუფლდებიან თუ არა პატიმრობიდან, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, დღეს, 10 დეკემბერს გახდება ცნობილი.

საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში მყოფების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელოს. ადვოკატების მტკიცებით, საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს, რის გამოც ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, დღეს კობალაძის და ხუსკივაძის მხარდასაჭერად "თავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს" - ამ გზავნილით აქცია დედაქალაქის რამდენიმე ნაწილში იმართება.

აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებასა და მუქარაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს. ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ  კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გობეჯიშვილის საქმის მთავარი მოწმე, ზაალ ზაალიშვილი (რომელსაც ხატია დეკანოიძე სუს-ის ოდეერად მოიხსენიებს), ისნის საოლქოს დროებით წევრად დაინიშნა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი