კლანი უნდა წავიდეს – უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

"კლანი უნდა წავიდეს" – ამ გზავნილით ამ წუთებში, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლოს  უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას აპორტესტებენ.

პარალელურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართელობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს.

აქციის მონაწილეები ამობენ, რომ უსამართლო სასამართლოს კლანურ მმართველობას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა კლანის დაშლა და სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმაა.

"უნდა დამთავრდეს ამ ტიპის უსამართლო სასამართლოს არსებობა, აუცილებელია ცვლილებები მოსამართლეთა დანიშვნის წესში და თავიდან ბოლომდე შესაცვლელია სასამართლო სისტემა, ეს აღარ არის უკვე კლანი, გაცილებით საშიში ფორმა მიიღო, ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს სასამართლო სისტემას და ცდილობს თავისი სამართალი დანერგოს" , – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მართლმსაჯულების ცენტრის განვითარების" თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.

აქციის მონაწილეების თქმით, ვერცერთი მოსამართლე, რომელიც კლანის ერთგული არ არის, სასამართლო სისტემაში ვერ შევა. "როდესაც ნახავთ სიას, რა სიასაც ეს კლანი შეარჩევს, ყველა იქნება შერჩეული საგანგებო ერთგულების ნიშნით" – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებები საქართველო" მართლმსაჯულების პროექტების კოორდინატორი კახა წიქარიშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ გასაუბრებას პარლამენტი მხედველობაში მაინც არ მიიღებს და მოსამართლოს არჩევის გადაწყვეტილება კლანურად მიიღება. 

"მიმდინარე კონკურსის მთავარი გამოწვევა, გახლავთ ის, რომ უმრავლესად მონაწილეობენ მოქმედი მოსამართლეები და გარედან სისტემაში კადრები არ მოდიან, სასამართლო სისტემა ჩაკეტილი, ივერი აბაშიძეც და აბუსერიძეც გახლავთ მოქმედი მოსამართლე, ცხადია მათთან დაკავშირებით კითხვები იქნება უფრო მეტად მათი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე. პრობლემა სწორედ ეს არის, რომ კლანურად მიიღება გადაწყვეტილებები, რა გასაუბრებაც არ უნდა ჩავატაროთ, რა კითხვებიც არ უნდა დავსვათ, რა კრიტიკულადაც არ უნდა შევაფასოთ, პარლამენტი ამას მხედველობაში არ მიიღებს", – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გოჩა აბუსერიძეს და ივერი აბაშიძეს მოუსმენენ. ჯამში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 50 კანდიდატთან მოუწევთ გასაუბრება, ვაკანტური ადგილი კი მხოლოდ ცხრაა.

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მე–10 მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს და ბოიკოტს უცხადებს.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველები არიან:

  • 1. აბუსერიძე გოჩა
  • 2. ალფაიძე თამარ
  • 3. გვრიტიშვილი დიმიტრი
  • 4. ვაშაყმაძე თინა
  • 5. თოდუა ილონა
  • 6. კოკორაშვილი ლევან
  • 7. მაკარიძე გენადი
  • 8. მარგველაშვილი ნიკოლოზ
  • 9. ნადარაია რევაზ 1
  • 10. ოქროპირიძე თამარ
  • 11. სანდოძე ნინო
  • 12. სილაგაძე პაატა
  • 13. სოფრომაძე კახაბერ
  • 14. სტურუა ბიძინა
  • 15. ფარქოსაძე დიანა
  • 16. ქოჩიაშვილი ლაშა
  • 17. ყანჩაველი ნინო
  • 18. ჩახნაშვილი ნინო
  • 19. ძაბუნიძე ამირან
  • 20. ძიმისტარაშვილი თეა
  • 21. ხარიტონაშვილი ნინო
  • 22. ჯეირანაშვილი გოჩა

უვადოდ დანიშვნის სურვილი გამოხატა სააპელაციოს მოსამართლე- პაატა სილაგაძემაც, რომელმაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ორჯერ დატოვა პატიმრობაში. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შესაძლოა კარტოგრაფების საქმე პაატა სილაგაძისთვის მოსამართლედ დანიშვნის შესაძლებლობა გახდეს.

50 კაციან სიაში მოხვდნენ საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრებიც, მათ შორის ერთ-ერთი დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელიც არამომსამართლე წევრების მტკიცებით, სასამართლო კლანის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა.  

რამდენიმე დღის წინ ნაზი ჯანეზაშვილმა დადგენილების პროექტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვების დაწესებას აპირებდა. ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ მისი მხილების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან დაიხია და ის ცვლილებები, რომელიც დიმიტრი გვრიტიშვილმა მოამზადა, დღეს აღარ დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ დადგენილების პროექტის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი იყო. ამავდროულად, გვრიტიშვილი თავადაც მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი