გადაცემაში "დღის სტუმარი", "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ გაქაჩავს თუ არა ქუჩას ოპოზიცია, ამაზე შეკითხვებიც და შიშიც ლეგიტიმურია. ამავე დროს, ნიკა გვარამია ხაზს უსვამს, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, მისი თქმით, მანდატების აღებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების დაშვებაც კი რთულია.
რამდენად არის შესაძლებელი, შევიდეთ პარლამენტში, ეს ლეგიტიმური მსჯელობაა. შიში იმასთან დაკავშირებით, გაქაჩავს თუ არა ოპოზიცია ქუჩას, ლეგიტიმური შიშია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა თქმულიყო, ითქვა: მე ვეთანხმები გადაწყვეტილებას თუ არა, ასეთია პარტიული ცხოვრება - გუნდური, გუნდურად მიიღება გადაწყვეტილება. მაგრამ გუშინდელს მერე პარლამენტში შესვლის დაშვებაც რთულია, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, ისეთი განცხადება, რაც ირაკლი კობახიძემ გუშინ გააკეთა, ჰებელსსაც კი არ გაუკეთებია. "საერთოდ ვერ ვიგებ, სადაც კობახიძეა, იქ მოლაპარაკებები როგორ ხდება", - თქვა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, 9 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ენმ-ს რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პარლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.
ექსპერტები და ანალიტიკოსები, ასევე ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის პირით გაჟღერებულმა მუქარამ, რომელსაც, ივანიშვილის გათვლით, ოპოზიცია უნდა დაეზიანებინა, სინამდვილეში უკურეაქცია გამოიწვია.