"ეს ის პერიოდია, ბესელია რომ ზენიტში იყო ამ ქალაქში" - ფოთის საკრებულოს მაღალჩინოსნების საქმე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების კიდევ ერთი ჩაშლილი პროექტი და საქმე, რომლითაც გამოძიება 4 წლის შემდეგ ისევ დაინტერესდა.

"მთავარი" ფოთში იმ ადგილას ჩავიდა, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმებოდა. საუბარია ფოთი-მალთაყვის სანაპირო ზოლზე დაგეგმილ პროექტზე.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდების საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ირაკლი კაკულია, რომელიც მაშინ ფოთის მერი იყო, კორუფციული გარიგების მონაწილეა. ამავე საქმის მიხედვით, სატენდერო პირობები კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია "პირამიდას" ირაკლი კაკულიასთვის ქრთამის სახით 170 ათასი ლარი აქვს მიცემული. 

ფოთი - მალთაყვის სანაპირო ზოლზე "მთავარს" მძიმე სურათი დახვდა. ადგილზე არ არის ჩატარებული არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მხოლოდ რკინის ბოძებია დამონტაჟებული, ისიც უხარისხოდ. მიუხედავად ამისა, ფოთის მაშინდელმა მერმა და ამჟამად საკრებულო თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ ხელი მოაწერა მიღება- ჩაბარების აქტს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო.

ფოთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ გამოძიება იმ პერიოდს ეხება, როცა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია იყო. 

"ეს რომელი პერიოდია იცით? ბესელია, რომ ზენიტში იყო ამ ქალაქში. ბესელია გარეშე ჩიტიც რომ ვერ შემოფრინდებოდა ზუსტად ის პერიოდია. ყველაფერს ბესელია აკონტროლებდა აქ. ფულის გათეთრება იყო, რომელიმე ფირმის შემოსვლა, ტენდერის მოგება თუ რაც იყო, აბსოლუტურად ყველაფერი იყო ბესელია" განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ირაკლი კაკულია,  საკრებულოს ორი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი