ოპოზიციის ბოიკოტი ოფიციალურად გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმომწერმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართეს და პარტიული სიების ანულირება მოითხოვეს.
"ცესკოში" განცხადება "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომაც" შეიტანეს.
"სტრატეგია აღმაშენებელმა 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია ჩაიხსნა მთლიანად. დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, ერთი კაცის ნების აღმსრულებელი და არალეგიტიმური როგორც ქვეყნის მოსახლეობის თვალში, ასევე - ქვეყნის გარეთ. ეს არის მძიმე კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე.
"პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე, ამბობს, რომ სიის ბათილობაზე "ცესკოს" და უფლება-მოსილების შეწყვეტაზე ინდივიდუალური განცხადებით პარლამენტსაც მიმართავენ.
"ცხადია, ივმართავთ ცესკოსაც სიის ბათილობაზე, მივმართავთ ინდივიდუალური განცხადებით პარლამენტსაც, რომ მოუხსნან უფლება-მოსილება ჩვენს დეპუტატებს. "პატრიტოთა ალიანსის" ერთსულოვანი პოზიციაა, რომ არ მივიღებთ ამ პარლამენტში მონაწილეობას", - ამბობს გოჩა თევდორაძე.
რაც შეეხება "გირჩს" და "მოქალაქეებს", მათ დღეს დეკლარაციაზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა, ცნობილია, რომ თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, "გირჩი" პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
საარჩევნო ადმინისტრაციიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან გადაინაცვლეს და ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
"ცესკო" ოპოზიციის განცხადებებს 3-დღიან ვადაში განიხილავს და სიების გაუქმების შესახებ განკარგულებას გამოსცემს. თუმცა, თუ თამარ ჟვანია ოპოზიციური პარტიების განცხადებებს არ დაადასტურებს, ეს განცხადებები მაინც ძალის მქონედ ჩაითვლება.