
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მხრიდან, ბოიკოტის ოფიციალურად გაფორმებას ეხმაურება და მათ მადლობას უხდის. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ოპოზიციამ სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა, როცა უარი თქვა თანამდებობებზე, კაბინეტებსა და ივანიშვილის შეთავაზებებზე:
იმ ხალხმა, ვინც დღეს მოაწერა ხელი პარლამენტში არ შესვლას და მანდატების გაუქმებას, თბილისის ქუჩაში ცივ ამინდში უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, ასევე ივანიშვილის შემოთავაზებულ ორ მილიონზე თითო ადამიანზე. თქვა უარი იმის გამო, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე - ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა!
ამიტომ ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.
შეიძლება ადრე ბევრ თქვენგანს არ ვეთანხმებოდი, ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს მართლა ქედს ვიხრი თქვენი სამოქალაქო გმირობის და გამბედაობის წინაშე! ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარი რაც დღეს მოხდა!.. წერს მიხეილ სააკაშვილი
"ქართულმა ოცნებამ" ერთპარტიულ პარლამენტში ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადო და პარლამენტმა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატების უფლებამოსილება სცნო, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ შედის.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიების გაუქმების მოთხოვნით დღეს ცესკო-საც მიმართეს.